პლასტმასას ისტორია სულ რაღაც ერთ საუკუნეს ითვლის, თუმცა ამ დროის განმავლობაში მან მოახერხა, დაეკავებინა სხვა მასალების (ხე, მეტალი...) ადგილი და გამხდარიყო დედამიწის ყველაზე საშიში მტერი. როგორ?
![]() |
ფოტოგრაფი: TUI DE ROY, MINDEN PICTURES/NATIONAL GEOGRAPHIC CREATIVE |
პლასტმასა მრავალმხრივ გამოყენებადი და ფინანსურად ხელმისაწვდომი მასალაა. წარმოების დროს, საჭიროებისამებრ, მისი ფორმის შეცვლა, ფაქტობრივად, უსასრულოდ შეიძლება. ამას უკავშირდება მისი სახელიც, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან "პლასტიკოს" ("Plastikos"), რაც ფორმაცვალებადს ნიშნავს. დღესდღეობით, პლასტმასა წარმოების ზოგიერთ დარგში ფაქტობრივად შეუცვლელ როლს თამაშობს. მან შესაძლებელი გახადა კოსმოსში მოგზაურობა; სატრანსპორტო საშუალებათა მრავალი ნაწილი პლასტმასასგანაა დამზადებული, რის გამოც შემცირებულია მათი მასა, გადაადგილებისთვის კი ნაკლები საწვავი იხარჯება; ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პლასტმასამ რევოლუცია მოახდინა მედიცინის სფეროში - მისგან მზადდება სამედიცინო ხელსაწყოების დიდი ნაწილი, ასევე იმპლანტთა უმრავლესობა, რადგან ის ორგანიზმში არ დეგრადირდება.
![]() |
მუხლის იმპლანტი |
მეორე მხრივ, პლასტმასა გარემოში ასობით წლის განმავლობაში რჩება, გამოყოფს ტოქსინებს და საფრთხეს უქმნის ველურ ბუნებას. დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენი კი ხელს უწყობს გლობალურ დათბობას, ვინაიდან გარემოში ათავისუფლებს სათბურის გაზებს. პრობლემის თვალსაჩინოებისთვის, პლასტმასას ინდუსტრია რომ ქვეყანა იყოს, მეოთხე ადგილზე იქნებოდა გარემოში ნახშიროჟანგის გამოფრქვევით ჩინეთის, აშშ_სა და ინდოეთის შემდეგ.
ამასთანავე,Eunomia_ს ს 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ყოველწლიურად ზღვებს 12 მილიონზე მეტი ტონა პლასტმასას ნარჩენი უერთდება. შედეგად, მსოფლიო ოკეანეში არსებული ნარჩენების 60%_ზე მეტს პლასტმასას ნარჩენები შეადგენს.მიუხედავად ამისა, ამ მასალაზე მოთხოვნილება ყოველწლიურად იზრდება: მსოფლიოში წარმოებული პლასტმასას ნახევარი ბოლო 15 წლის განმავლობაში დამზადდა, აქედან მხოლოდ 2015 წელს_ 448 მილიონი ტონა, ხოლო 2050 წლისთვის, თუკი მის პროდუქციაზე მოთხოვნილება არ შემცირდება, ნავარაუდევია ამ რაოდენობის გაორმაგება.
![]() |
პლასტმასას ნარჩენები ოკეანეში |
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ დედამიწა ყველასათვის საერთო საცხოვრებელია. ჩვენი დაუდევრობით გარემოში აღმოჩენილი ნარჩენები ცხოველების, ქარისა თუ მდინარეების ზემოქმედებით ათასობით კილომეტრს გადიან და ზიანს აყენებენ ჩვენგან საგრძნობლად დაშორებით მცხოვრებლებს. ამის დასტურია წყნარ ოკეანეში, ჩილესა და ახალ ზელანდიას შორის არსებულ კუნძულ ჰენდერსონზე აღმოჩენილი პლასტმასას ნარჩენები ისეთი შორეული ქვეყნებიდან, როგორებიცაა: რუსეთი, აშშ, იაპონია, ჩინეთი...
მიკროპლასტმასა - რას ვსუნთქავთ და ვჭამთ?
გარემოში მოხვედრილი პლასტმასას ნარჩენები მზის სხივების, ქარისა და ტალღების მოქმედებით პატარა ნაწილაკებად იშლება, რომელთა ზომაც 5 მილიმეტრზე ნაკლებია. მიკროპლასტმასები აგრეთვე თავისუფლდებიან ავტომობილის საბურავებისგან, კოსმეტიკური საშუალებებისგან, ზოგჯერ კი - სინთეტიკური სამოსის რეცხვის შემდეგ. ისინი დღესდღეობით მსოფლიოს ყველა კუთხეშია დაფიქსირებული. მაგალითისთვის, საფრანგეთში, პირენეს მთებში, ყოველდღიურად ერთ მეტრ კვადრატზე 365 მიკროპლასტმასა ცვივა ციდან.
მიკროპლასტმასას ცხოვრების ციკლი |
რაც შეეხება ნანოპლასტმასას, გარემოში მისი აღმომჩენი ხელსაწყო ჯერ არ არსებობს, თუმცა ნავარაუდევია, რომ ის კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს. შვედი მეცნიერების დაკვირვებით, ნანოპლასტმასა თავისუფლად გადის უჯრედის კედელს, თევზების ტვინში აღწევს და მათში ქცევით ცვლილებებს იწვევს.
![]() |
ფოტოგრაფი: THOMAS P. PESCHAK, NATIONAL GEOGRAPHIC CREATIVE |
ასე რომ, ის, რაც ადამიანმა საკუთარი კეთილდღეობისთვის შექმნა, რითაც გაიადვილა ყოველდღიურობა და გადაარჩინა სიცოცხლეები, დღეს მასვე უქმნის საფრთხეს. რა გამოსავალი არსებობს? იხილეთ აქ..
ავტორი: თამარ აბდუშელიშვილი
გამოყენებული წყაროები/მასალები:
https://www.nationalgeographic.com;
Carroll, Chris, Sousa, João, Thevenon, F. IUCNIUCN - “Plastic debris in the ocean”;
José G.B Derraik - “The pollution of the marine environment by plastic debris";
Karin Mattsson, Elyse V. Johnson, Anders Malmendal, Sara Linse, Lars-Anders Hansson & Tommy Cedervall - “Brain damage and behavioural disorders in fish induced by plastic nanoparticles delivered through the food chain”.
Comments
Post a Comment