მწვანე, როგორც სიცოცხლე



მწვანე ფერი ბუნების, ბალანსის, აღორძინების, პროგრესისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. ისლამურ კულტურაში ის წმინდა ფერია, ხოლო იაპონურ კულტურაში მწვანე ასოცირდება მარადიულ სიცოცხლესთან. თუ გჯერათ ჩაკრების არსებობის, გეტყვით იმასაც, რომ მწვანე ფერი მეოთხე, გულის ჩაკრის, იგივე ანაჰატას ფერია, რომლის მიზანიც სიყვარულის შეგრძნებაა.

ანაჰატა
სიმწვანეში ყოფნა ადამიანს ანიჭებს სიმშვიდის შეგრძნებას, ამხნევებს და განარიდებს სტრესს, მწვანე ფერი ხელს უწყობს კუნთების მუშაობას, აუმჯობესებს კითხვის უნარებსა და შემოქმედებითობას.
ონლაინ გამოკითხვების მიხედვით, თუ რომელი ფერი უყვართ ადამიანებს ყველაზე მეტად, მწვანე ფერი მესამე ადგილზეა ლურჯისა და წითლის შემდგომ. მისი მოყვარულები ბევრ მიზეზს ასახელებენ, თუ რატომ მაინცდამაინც მწვანე. ყველაზე პოპულარული სიმშვიდისა და დასვენების შეგრძნებაა, რომელიც მათ უჩნდებათ სიმწვანეში ყოფნის დროს.
როდესაც მწვანეს ახსენებენ, ადამიანთა უმრავლესობას, მათ შორის მეც, მწვანე მცენარეები მახსენდებიან. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღესდღეობით მათ როლს ჩვენს ცხოვრებაში ნაკლებად ვაფასებთ და ზოგჯერ ვერც ვიაზრებთ, რომ  ყოველი მცენარის განადგურება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია დედამიწის და, შესაბამისად, ჩვენი ცხოვრების განადგურებისკენ. 
შევეცდები მარტივად და მოკლედ ჩამოვაყალიბო მწვანე მცენარეების მნიშვნელობა, რომელიც ბევრმა იცის, მაგრამ არ ითვალისწინებს ყოველდღიურ ცხოვრებაში:

  • ფოტოსინთეზი, რომლის საშუალებითაც მცენარე იღებს ორგანულ საკვებ ნივთიერებას (გლუკოზას-C6H12O6), გარემოში გამოჰყოფს ჟანგბადს(O2), რომლის ჩასუნთქვითაც ადამიანის ორგანიზმში ხდება საკვები ნივთიერებების ჟანგვა და, მარტივად რომ ვთქვა, გვეძლევა ენერგია. ფოტოსინთეზის პროცესი კი მიმდინარეობის მცენარის უჯრედის მწვანედ შეფერილ ორგანოებში, ქლოროპლასტებში (ის შეიცავს ქლოროფილს, რომელიც მწვანე ფერს აძლევს ფოთოლს);
ფოტოსინთეზის ქიმიური რეაქციის გამოსახულება

  • ჟანგბადი არა მხოლოდ სუნთქვისთვის გვჭირდება, არამედ ის იცავს ბიოსფეროს მოკლეტალღოვანი ულტრაიისფერი სხივებისგან, რომლებიც დამღუპველად მოქმედებენ დედამიწაზე არებულ ცოცხალ ორგანიზმებზე;
  • მცენარეები გავლენას ახდენენ კლიმატზე, პლანეტის ტემპერატურულ რეჟმზე. მათი საშუალებით ქვეითდება გარემოს ტემპერატურა ნორმალურ მაჩვენებლამდე;
  • ამაგრებენ ქანებს და ხელს უშლიან ნიადაგის ეროზიას;
  • ასუსტებენ ქარის სიჩქარეს;
  • გამოიყენებიან საკვებად და წარმოადგენენ კვებითი ჯაჭვის პირველ რგოლს.

ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არაა, მაგრამ საკმარისია იმის, მისახვედრად, რომ მცენარეების განადგურების შემთხვევაში "პრობლემები შეგვექმნება". თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ დედამიწა არ ეკუთვნით ადამიანებს და ჩვენ არ გვაქვს უფლება გავანადგუროთ სხვა ცოცხალი ორგანიზმების საბინადრო გარემო!

Comments