მსოფლიოში წარმოებული პლასტმასას 40% ერთჯერადი გამოყენებისაა, მათგან მრავალს ადამიანი მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იყენებს, ხოლო ბუნებაში ისინი ასობით წელი რჩება.
ოკეანეებსა და ზღვებში მოხვედრილ პლასტმასასთან გამკლვება ურთულესია. ნარჩენების შემგროვებელი მექანიკური ხელსაწყოების დახმარებით შესაძლებელია დიდი ზომის პლასტმასებისგან შიდა წყლების გაწმენდა, თუმცა მიკროპლასტმასებისგან - ფაქტობრივად შეუძლებელი. პრობლემასთან გასამკლავებლად საჭიროა, ვიცოდეთ, სად იმალება პლასტმასა:
![]() |
ნარჩენების შემკრები აპარატი "Mr. Trash Wheel" |
- დაივიწყეთ ერთჯერადი გამოყენების ნივთები! ნუთუ ოდესმე მართლა გჭირდებოდათ? თუ მათზე მოთხოვნა არ იქნება, წარმოებაც შემცირდება;
- სახლიდან გასვლის წინ, მრავალჯერადი ჭურჭლით, თან წაიღეთ წყალი, რათა გზაში არ მოგიწიოთ ყიდვა (დაახლოებით 1 თვე მავიწყდებოდა და გზიდან ვბრუნდებოდი...);
- შეეცადეთ, მეორე სიცოცხლე მიანიჭოთ პლასტმასას ისეთ საგნებს, რომელთაც პირველადი დანიშნულებით ვეღარ იყენებთ (ბოთლებისგან მშვენიერი ყულაბები კეთდება);
- საყიდლებზე წასვლისას თან გაიყოლეთ ნაჭრის ჩანთები (ჩემთვის, უსაფრთხოსთან ერთად, უფრო ლამაზიცაა);
- ერთჯერადი ჩაის პაკეტები პლასტმასას შეიცავს, ამიტომ უმჯობესია ფხვიერი, დასაყენებელი ჩაის გამოყენება დაიწყოთ (მიმაჩნია, რომ მეტად არომატულიცაა);
- პლასტმასას ნაცვლად არჩევანი გააკეთეთ შემდეგ მასალებზე:
უჟანგავი ფოლადი - მაგარი და მარტივად საწმენდი მასალაა. მას შეუძლია ჩაანაცვლოს ერთჯერადი გამოყენების ჭიქები, პლასტმასას ლანჩბოქსები..
მინა - მიუხედავად იმისა, რომ ბიოდეგრადირებადი არაა, მინის გადამუშავება უსასრულოდ შეიძლება, თანაც არც ძვირია.
ხე - განახლებადი რესურსია. გონივრულად მოხმარების შემთხვევაში(!), შესაძლებელია ხის მასალით საწმენდი ჯაგრისების, ჭურჭლის, საჭრელი დაფების დამზადება.
ბამბუკი - სწრაფად და მარტივად განახლებადი რესურსია, რომლისგანაც შეიძლება დამზადდეს მრავალგვარი ჭურჭელი, საწრუპები, კბილის ჯაგრისი.. არის მსუბუქი, გამძლე და კომპოსტირებადი. ამასთანავე, ესთეტიკურადაც მიმზიდველია.
საპონინიანი მცენარეები - სარეცხი საშუალებები მიკროპლასტმასებს შეიცავს. არსებობს მცენარეები, რომლებიც ბუნებრივ ქაფწარმომქმნელს - საპონინს შეიცავენ. ასეთია საპინდუსის ხე, რომელიც ძირითადად ინდოეთში გვხვდება. საქართველოს შემთხვევაში, საპინდუსი შეიძლება ჩაანაცვლოს სურომ, რომელიც, ფაქტობრივად, ყველგან გვხვდება. თუმცა, ვინაიდან ეს მცენარე შხამიანია, სიფრთხილეც საჭიროა. ზოგადად, პარკოსანი მცენარეები (სოია, ლობიო, ბარდა, ოსპი) დიდი რაოდენობით საპონინს შეიცავს.
თუკი გრძელვადიანი პერსპექტივით დაფიქრდებით, დამეთანხმებით, რომ დროდადრო ახალ-ახალი, ერთჯერადი მოხმარების საგნების ნაცვლად მრავალჯერადის ერთხელ ყიდვა ფინანსებსაც დაგიზოგავთ.
ბიოპლასტმასა არის ბიოდეგრადირებადი ან კომპოსტირებადი მასალა, რომელიც ბუნებრივი ნივთიერებებისგან მზადდება (მგ.: სიმინდი, შაქრის ლერწამი, შაქრის ჭარხალი...). სახელი დამაიმედებელია, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა. არსებობს მისი სამი კატეგორია:
1.არა-ბიოდეგრადირებადი - დაშლისთვის მრავალი წელი სჭირდებათ;
2.ნაწილობრივ ბიოდეგრადირებადი - მიკროორგანიზმების ზემოქმედებით იშლებიან 3-6 თვეში;
3.ბიოდეგრადირებადი/ კომპოსტირებადი - საჭიროებენ სპეციალური ხელსაწყოებით ზემოქმედებას, რათა დაიშალონ;
ამასთან ერთად, გარემოში ბიოპლასტმასაც ათავისუფლებს ტოქსიკურ ნივთიერებებს. შესაბამისად, უმჯობესია, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები გაითვალისწინოთ, ვიდრე ეს მასალა პლასტმასას უსაფრთხო ალტერნატივად აღიქვათ.
რა შეუძლია ბიზნეს სექტორს?
დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებს ეკომეგობრულად ცხოვრებას, შესაბამისად, იცვლება მათი ღირებულებებიც. ამის გამო ბევრმა მსხვილმა კომპანიამ, როგორიცაა, მგ., “კოკა-კოლა”, სამომავლოდ მიზნად დაისახა საკუთარი გაყიდული პროდუქტის შეფუთვების შეგროვება და გადამუშავება, რითაც საზოგადოების კეთილგანწყობაც დაიმსახურა.
რასაკვირველია, ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისმგებლობა გარემოზე მიყენებული ზიანის შემსუბუქებასაც ითვალისწინებს, ამიტომ მათ, ვინც არ/ვერ ახერხებს პლასტმასაზე უარის თქმას, უმჯობესია ბიოპლასტმასა გამოიყენონ და მისი კომპოსტირებაც საკუთარ თავზე აიღონ.
თუკი ბიზნესს ფლობთ, გირჩევთ: დაასწარით სხვებს! დაიწყეთ უსაფრთხო მასალის გამოყენება და 3R პრინციპით მუშაობა.
დასასრულ,მინდა რეალისტები ვიყოთ. პლასტმასა არის მასალა, რომელიც ადამიანს სჭირდება. თუკი დღეს მისგან საფრთხე გვემუქრება, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ბრალია. მასზე მთლიანად უარის თქმა, ჯერჯერობით, არ შეგვიძლია. შესაბამისად,გონიერი მომხმარებლები უნდა ვიყოთ - შევიძინოთ პლასტმასას მხოლოდ აუცილებელი საგნები და სხვადასხვა შემოქმედებითი იდეით გავუხანგრძლივოთ მათ სიცოცხლე. თუ ვერ ხვდებით, რატომაა ამ ყველაფრის გაკეთება საჭირო, წაიკითხეთ: “პლასტმასა - მედლის ორი მხარე”.
გამოყენებული წყაროები/მასალები:
Pozo Morales A, Güemes A, Fernandez-Lopez A, Carcelen Valero V, De La Rosa Llano S. - “Bamboo-Polylactic Acid (PLA) Composite for Structural Applications";
Nayak, L., Mishra - Prospect of bamboo as a renewable textile fiber, historical overview, labeling, controversies and regulation;
https://yaleclimateconnections.org;
https://www.nationalgeographic.com.
Comments
Post a Comment